საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ვოლსკი და რატი იონათამიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 16 ივნისი 2026
გიორგი ვოლსკი და რატი იონათამიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.

 

გიორგი ვოლსკის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

„ჩინეთში 56 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. მათ შორის 55 ეთნიკურ უმცირესობად მიიჩნევა, მაგრამ კულტურათა ერთობა მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფილია, რაშიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისია განსაკუთრებულ როლს ასრულებს. როგორც ჩინელმა სტუმრებმა აღნიშნეს, იმ რეგიონების ეკონომიკური განვითარების საკითხები, სადაც უმცირესობები ცხოვრობენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. სტუმრებმა ისაუბრეს პოზიტიურ გამოცდილებაზეც და გარკვეულ პრობლემებზეც, რომლებიც ამ მხრივ აქვთ, მათ შორის, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ჩინეთის სახელმწიფოს გამოცდილება, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებია.

 

„ჩინეთი მრავალეთნიკური ქვეყანაა. ისინი ერთი სახელმწიფოსა და ერთი ეროვნული ინტერესის ირგვლივ ერთიანდებიან. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ ახორციელებს ჩინეთი შესაბამის პროგრამებს. ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი მსგავსება, ბევრი საინტერესო საკითხია და ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური და სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი თინათინ ღოღელიანი.