
საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში რამდენიმე სოფელში შიდა გზების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
მაჟორიტარი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში რატევანში, ძველ ქვეშსა და ქვეშში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე პროექტებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.
„სამივე პროექტი პრაქტიკულად დასრულების სტადიაშია და შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება სამი კეთილმოწყობილი გზა და მე განსაკუთრებით გავუსვამდი ხაზს მიმდინარე პროექტს სოფელ ქვეშში, ისტორიულ ქვეშის ციხესთან მისასვლელ გზას, სადაც საუკუნეების განმავლობაში იყო მისასვლელი გზის პრობლემა და ამჟამად აქ კეთდება ძალიან კომფორტული გზა და როგორც კი სიტუაცია მოგვცემს ამის საშუალებას, ქვეშის ციხე მზად იქნება ტურისტების გაძლიერებული ნაკადების მისაღებად, რაც მე ძალიან მახარებს და პირველ რიგში ეს ახარებს ადგილობრივ მოსახლეობას," - განაცხადა გოგი მეშველიანმა
სოფელ რატევანში 1685 გრძივ მეტრზე იგება ასფალტის საფარი, რომლის ღირებულება 766 994 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია სოფელ ძველ ქვეშში, სადაც გზის მოწყობის სამუშაოების მე-2 ეტაპი ხორციელდება. 500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა იგება, პროექტის ღირებულება 397 000 ლარია.
სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზა იგება. ისტორიული მნიშვნელობის ძეგლამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის 595 000 ლარამდე დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო 485 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება.
პროექტები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.