საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში

მედია და საზოგადოება 24 ივნისი 2022
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში

„საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში. ჩვენ საუკუნეებია ვაკაკუნებთ ევროპის კარზე და არ ვაპირებთ გაჩერებას, ჩვენ მივაღწევთ ამ მიზანს, და მე ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც ჩვენი ევროპული სწრაფვა კონსტიტუციაში ჩაწერა და განამტკიცა. მე ამაყი ვარ ქართველი ხალხით, რომლის 85% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, თუმცა ვგმობ ყველა იმ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, იქნებიან ეს პოლიტიკოსები თუ სხვა, რომლებიც ცდილობენ მანიპულირება და ეს გადაიყვანონ დაუმორჩილებლობისა და ქაოსის რეჟიმში. ეს სრულიად მიუღებელია, და სამწუხაროდ ზუსტად ეს ხდება ამჟამად საქართველოში“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ირაკლი ჩიქოვანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ და მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.


მისი თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვისაც ახალი, მნიშვნელოვანი თავი გადაიშალა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.


„საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში ყველა სფეროში, საქართველო წარმატებულია კორუფციის აღმოფხვრაში და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ. საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის ინდექსებში წამყვან ადგილზეა, ასევე წარმატებულია უმცირესობების უფლებების დაცვის სფეროში, და მე ამაყი ვარ, რომ ამ დარბაზში წინა სესიაზე საქართველოს წარმატება აღიარებული იქნა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების ვალდებულებების მონიტორინგის თაობაზე მიღებული რეზოლუციით. აღნიშნულ რეზოლუციაში ნათლად არის ხაზგასმული ის უდიდესი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო 8-9 წლის განმავლობაში.“


ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს იმ მნიშვნელოვან და ხელშესახებ პროგრესზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ ბოლო 9 წლის განმავლობაში მიაღწია და რაც აღიარებული იქნა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების ვალდებულებების მონიტორინგის თაობაზე რეზოლუციის მიღებით.


საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ მძიმე ფონზე და საფრთხეებზე, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობებს უკავშირდება და რომლის ფონზეც ქვეყანაში რეფორმები განხორციელდა.


„მსურს ხაზგასმით აღვნიშნო და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველა რეფორმა საქართველოში განხორციელდა იმის ფონზე, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რომ ჩვენ მუდმივად ვართ რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ, და როდესაც რუსეთი განუწყვეტლივ ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


ირაკლი ჩიქოვანი მიმართვაში გამოეხმაურა განცხადებებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერდა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ყოფნის დროს ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ითავა ტოტალიტარიზმის დამარცხება და იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსებისა და მშვიდობისათვის. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო იყო და რჩება მოწინავედ ევროპულ კონტინენტზე რეფორმების განხორციელების მხრივ.


​„ჩვენ გაგვაჩნია მტკიცე პოზიცია, რომ არ გვსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან დებატებში შესვლა, იმის გათვალისწინებით რომ ისინი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, მიუღებელია ის განცხადება, რომლიც გაჟღერდა რამდენიმე დღის წინ ამ დარბაზში, და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო თანამედროვეობის გამორჩეული ფილანტროპისათვის საქართველოში, ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის და იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც პოლიტიკაში ყოფნის დროს ითავა ტოტალიტარიზმის დამარცხება და იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსებისა და მშვიდობისათვის. პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა ნათლად ჩამოაყალიბა ჩვენი სამომავლო გეგმები, რაც გულისხმობს გულმოდგინე მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაკმაყოფილდეს და შესრულდეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოცემული პირობები. და მსურს გავიმეორო, რომ საქართველო იყო და რჩება მოწინავედ ევროპულ კონტინენტზე რეფორმების განხორციელების მხრივ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.