საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 30 ივნისი 2026
ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივნის, მაქსიმოს ხარაკოპულოსის და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, იოან ვულპესკუს სახელით მიესალმა.

 

„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლსა და მნიშვნელობაზე დებატებს მართავს. ეს უაღრესად აქტიური თემაა და თანამედროვე საზოგადოების ინტერესებს წარმოადგენს. შარშან ბუქარესტში გამართული მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 32-ე გენერალური სხდომა სწორედ ხელოვნური ინტელექტის ეთიკური განზომილების საკითხებს მიეძღვნა. მიგვაჩნია, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ხელი შეუწყოს ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას, ახალგაზრდების გლობალურ ცოდნაზე წვდომას და დემოკრატიული პროცესებისა და საპარლამენტო ინსტიტუტების უკეთ ფუნქციონირებას. უნდა აღინიშნოს, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა ხელოვნური ინტელექტის საკითხს პოლიტიკურ და კულტურულ ჭრილში განიხილავს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შავი ზღვის რეგიონი ომის ზონად გადაიქცა. პაბსეკი საიმედო მოთამაშეა, რომელიც დავების გადაჭრისა და შავი ზღვის ხალხების კეთილდღეობის ხელშეწყობის საშუალებად დიალოგსა და დიპლომატიას იყენებს. ვიმედოვნებთ, თქვენი გადაწყვეტილებები და ინიციატივები შავი ზღვის რეგიონს სტაბილურობისა და კულტურული მთლიანობისკენ, ასევე ხალხებს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობისკენ წაიყვანს“, - განაცხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომას, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში იმართება, PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის წევრები: ლევან მაჭავარიანი, გელა სამხარაული, ირაკლი ქადაგიშვილი, ლევან მახაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი ესწრებიან.