
„საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს. ერთადერთი რაც ამ შედეგებს გარკვეულად „აუფასურებს“ არის ინფლაცია. რომ არა ჩვენთან არსებული მაღალი ინფლაცია მოსახლეობა გაცილებით უკეთ იგრძნობდა თავის ჯიბეზე ეკონომიკური ზრდის დადებით ეფექტს“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის „2023-2025 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“ განიხილეს.
თანამომხსენებელმა ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ინფლაციის შემცირების და „თარგეთთან“ დაახლოებისათვის.
„2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია, შესაბამისად, ბოლო 5 წელია პარლამენტი ამტკიცებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3%-იან დონეზე, მაგრამ ფაქტობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება მიზნობრივისგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდია გამოჩნდა ინფლაციის დასტაბილურების ნიშნები და იმედი მაქვს, მომავალი წლიდან მას დაღმავალი ტრენდი ექნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.