
პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა: ირაკლი სესიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, ირაკლი ბერაიამ, ირაკლი აბესაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ანგარიში დახურულ ფორმატში მოისმინეს.
როგორც ვახტანგ გომელაურმა ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე, საიდუმლო შესყიდვებზე, რომელიც მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან მცირე აქვს სხვა ძალოვან სტრუქტურებთან შედარებით.
„ნდობის ჯგუფის წევრებთან ვისაუბრე, რის შესყიდვას ვგეგმავთ, ბიუჯეტი როგორ არის გაწერილი. შევეხეთ ხელფასების ზრდის თემას, კერძოდ, 2019 წელს რამდენ ადამიანს მოემატა ხელფასი და რა რაოდენობით, 2020 წელს რას ვაპირებთ და რამდენ ადამიანს მოემატება ხელფასი. ყურადღება გავამახვილეთ საზღვრის თემაზე. მოგეხსენებათ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით გვაქვს პრობლემები, მათ შორის, აზერბაიჯანის მიმართულებით, სადაც ჩავედით და ეს პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია. თუმცა დემარკაცია-დეინვენტარიზაციის თვალსაზრისით პრობლემა გვაქვს სომხეთთანაც. ეს ძალიან შრომატევადი პროცესია, რომელიც ერთ დღეში და ერთ თვეში ვერ გადაწყდება, თუმცა ვმუშაობთ ამ საკითხზე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, მისასალმებელია ის რეფორმები, რომელიც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელდა.
„მისასალმებელია ასევე მიმდინარე ინტენსიური განვითარება. მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს როგორც ტექნიკური განახლება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, ასევე ხდება პოლიციელებისთვის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის ხელფასების მატება და ამასთანავე სისტემური განვითარება საზღვრის დაცვის მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ათეული ახალი შენობა აშენდა საზღვრის დაცვის გაძლიერებისთვის და რამდენჯერმე გაიზარდა ხელფასები, რაც არის ძალიან კარგი. დღევანდელ სხდომაზე საზღვრის დაცვის მიმართულებით აბსოლუტურად ყველა მონაკვეთი განვიხილეთ, გავეცანით როგორც პოზიტიურ მიღწევებს, ასევე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის კონტექსტში. შევეხეთ საიდუმლო შესყიდვებს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა, მისი თქმით, შთაბეჭდილება არის ძალიან პოზიტიური. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატება უსურვა ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში.