
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გააცნო.
„საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი შემოიტანა, რომელიც ორ მთავარ საკითხს ეხება. ცვლილებების ერთი ნაწილი ნარკოლეგალიზაციის გაუქმებას, მეორე საკითხი კი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას, სასამართლო სისტემის ფუნდამენტალურ ცვლილებებს და მართლმსაჯულების რეორგანიზაციას შეეხება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პარლამენტის წევრმა ცვლილებების მომზადების წინაპირობაზე ისაუბრა და მართლმსაჯულების სისტემაში გასატარებელი რეფორმების აუცილებლობა იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებით ახსნა.
„ჩვენთვის ეს მიუღებელი და დაუშვებელი პროცესია. სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს ჩინჩალაძეებისგან, გვრიტიშვილებისგან და მურუსიძეებისგან, იმიტომ რომ მოსამართლე ფასობს მის მიერ მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილებებით და ამ მოსამართლეებს არაერთი უკანონო განაჩენი აქვთ გამოტანილი“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნების“ წევრებს საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის და ცვლილებების განხილვის დასაწყებად 76 დეპუტატის ხელმოწერის შეგროვების წინადადებით მიმართა.
ირმა ინაშვილის ბრიფინგს საინიციატივო ჯგუფის წევრი, კობა დავითაშვილი დაესწრო.