საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

მედია და საზოგადოება 24 ივნისი 2026
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა და პლენარულ სხდომაზე მათ განხილვას მხარი დაუჭირა.


კანონპროექტით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებები ხორციელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის რეგულირების მიმართულებით. კერძოდ, იცვლება მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის პასუხისმგებლობის სისტემა და მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, ცალკე სამართალდარღვევად გამოიყოფა სიჩქარის 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება, რისთვისაც დგინდება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი.


როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, კანონპროექტში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, ღამის პირველი საათიდან დილის ექვს საათამდე, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება, სადისტრიბუციო მანქანებს ე.წ. BUS LANE-ში, ტვირთის გადმოსატვირთად, დადგომის უფლება ექნებათ.


კანონპროექტით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ზუსტდება საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნები.


ცვლილებებით განისაზღვრება, რომ სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 18 წლის და არა უმეტეს 40 წლის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს კანონითა და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამასთან, პროექტით წესდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი თანამდებობრივი კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, უმცროსი და საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 60 წლით, ხოლო უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის − 65 წლით.


კანონპროექტი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.


საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ითვალისწინებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლასთან, ყოფნასთან, ბინადრობის ნებართვის გაცემასთან და გაძევებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტებას.


ცვლილებებით წესრიგდება საიმიგრაციო ვიზების კატეგორიები, მათ შორის შემოდის D6 კატეგორიის ვიზასთან დაკავშირებული რეგულაციები არასრულწლოვანთა სწავლის მიზნებისთვის. განისაზღვრება საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და ქორწინების ნამდვილობის შემოწმების წესი, ზუსტდება სასწავლო და შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ბინადრობის პირობები. პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფუძვლების, გასაჩივრების პროცედურებისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების წესების სამართლებრივ რეგლამენტაციას.


კანონპროქტი სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.