
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აკაკი ალადაშვილის განცხადებით, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობებს ითვალისწინებს.
კერძოდ, „ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა“.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წლის 19 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე - „გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი, საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სტაჟის მოთხოვნის ფარგლებში, ინდივიდუალური შეფასების გარეშე, ბლანკეტურად გამორიცხავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ფორმით მოქმედ უწყებაში სპეციალობით მუშაობის სტაჟის გათვალისწინებას.
კანონპროექტის თანახმად: კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, გარდა შინაარსობრივი ცვლილებისა, ყალიბდება ტექნიკური ხასიათის ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება „ნოტარიატის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ დადგენილი პროგრამით;
ბ) აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
გ) აქვს ნოტარიუსის თანაშემწედ მუშაობის 5 წლის სტაჟი;
დ) აქვს საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და საჯარო სამსახურის შესახებ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
გარდა ამისა, თანმდევი ცვლილება შედის კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც, გარდა შინაარსობრივისა, ტექნიკური თვალსაზრისითაც ახალი რედაქციით ყალიბდება.