
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.
კანონპროექტით ზუსტდება საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნები და განისაზღვრება, რომ სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 18 წლის (ნაცვლად 21 წლის) და არა უმეტეს 40 წლის (ნაცვლად 35 წლის) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს კანონითა და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ამასთან, პროექტით წესდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი თანამდებობრივი კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, უმცროსი და საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 60 წლით, ხოლო უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის − 65 წლით. ასევე, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება სამსახურის ვადის გაგრძელება ზღვრულ ასაკს ზევით არაუმეტეს 5 წლის ვადით.