საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თედო ჯაფარიძის, ლევან ბერძენიშვილის და ვიქტორ დოლიძის ერთობლივი განცხადება

მედია და საზოგადოება 28 ოქტომბერი 2015


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის („ქართული ოცნება“), ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან ბერძენიშვილის ("რესპუბლიკელები") და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის ვიქტორ დოლიძის ("თავისუფალი დემოკრატები") ერთობლივი განცხადება

სტრასბურგი
27 ოქტომბერი, 2015წ 


შეძრწუნებულები ვართ საქართველოს პარლამენტის წევრის, გოგი თოფაძის, მიერ ახლახან გაკეთებული კომენტარების გამო, იოსებ სტალინთან დაკავშირებით, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი პოლიტიკური პარტიების - "ქართული ოცნების", "რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" - ერთმნიშვნელოვან პოზიციას.

კიდევ ერთხელ მოვიხმობთ საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მიიღო 2013 წლის 25 დეკემბერს, 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ, და რომლის ძალითაც იზღუდება ტოტალიტარიზმის სიმბოლიკის საჯარო ადგილებში გამოტანა. ამ სიმბოლიკას განეკუთვნება ასევე ყოფილი საბჭოთა დიქტატორის - იოსებ სტალინის სურათები.

რა თქმა უნდა, რომ ბატონ თოფაძეს უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოსაზრებების ან წინადადებების რეალიზება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.

საქართველომ და მისმა მოსახლეობამ მასობრივი დანაკარგი და ტანჯვა განიცადა სტალინის დიქტატურის წლებში და ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ იმ უამრავ ნათესავსა და მეგობარს, რომლებმაც თავი შესწირეს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და დაიღუპნენ იმ საზარელი პერიოდის რეპრესიებსა და გულაგებში. 

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს ტრაგიკული პერიოდი, და ამ საზარელ დანაშაულთა ჩამდენ პირთა განდიდება უნდა იყოს და იქნება კიდეც აღკვეთილი.