
ზემო აჭარაში, შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ხელოვნების სკოლაში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მარიამ ლაშხის თქმით, ბოლო პერიოდში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში არაერთი გამოწვევაა და ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იძენს ქართული ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის დაცვა.
„საქართველოს მსგავსი ქვეყნები, რომლებიც ტრადიციული, ისტორიული ქვეყნები არიან, არსებული გამოწვევების ფონზე ერთგვარი საფრთხის ქვეშ რჩებიან, რათა არ დაიკარგოს საუკუნოვანი ტრადიციები, ეროვნული იდენტობა და მდიდარი წარსული. საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები სახელმწიფოებრივ გაძლიერებასა და იდენტობის შენარჩუნებაზე იყოს ორიენტირებული. სწორედ ყოველივე ამას ემსახურება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტი, სადაც ახალგაზრდები საქართველოს ისტორიული გმირების და გამორჩეული ადამიანების შესახებ ინფორმაციას ეცნობიან და ცოდნას იძენენ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ღონისძიებაზე შუახევის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ისტორიკოსმა ფრიდონ დავითაძემ თემაზე - „საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისი სამხრეთ დასავლეთ საქართველოში“ მე-19 საუკუნეში მოღვაწე სელიმ ხიმშიაშვილის შესახებ ლექცია წაიკითხა და მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.