
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, ცვლილებებით 2025 წლის ბიუჯეტში ეკონომიკური პარამეტრები ზუსტდება.
მისი ინფორმაციით, 2025 წლის ბიუჯეტი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა განახლებული პროგნოზით რეალური ეკონომიკური ზრდა 7,2% იქნება.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრისას ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები მიმოიხილა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და ხარჯვით ნაწილზე ისაუბრა.
განახლებული პროგნოზის თანახმად, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 104 407 მილიონი ლარი იქნება.
ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი 222,6 მილიონი ლარით იზრდება და 32 133,5 მილიონი ლარით განისაზღვრება.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 22,7 მილიონი ლარით იზრდება და 27 583,5 მილიონ ლარს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 27 952.9 მილიონი ლარია და დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 11.2 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა კანონპროექტი დადებითად შეაფასა.
„კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები 2025 წლის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებიდან გამომდინარეობს, რაც პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. ცვლილებები ეხება დაფინანსების ზრდას როგორც ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის, ასევე, ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვიდრე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს განვიხილავთ 2025 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში უკვე ნათლად ჩანს, რომ ეკონომიკური აღმავლობა საქართველოში საკმაოდ პოზიტიურია“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.