
დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) დონორობით აფხაზეთში მიმდინარე პროექტების, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური გაძლიერების თაობაზე ისაუბრეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრმა, ხატია წილოსანმა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ვინსენტ დონტომ.
„საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა სკოლების ინფრასტრუქტურული განახლება, განათლების მიმართულება; ასევე სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით აფხაზეთში დანიის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება. შეხვედრის მიზანი იყო მიგვეღო სრულფასოვანი ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით კონფლიქტისპირა რეგიონებში განხორციელებული პროექტების და პროგრამების თაობაზე კოორდინაციის მიზნით, რომ არ მოხდეს პროგრამებისა და პროექტების გადაფარვა“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ხატია წილოსანმა.