
ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხატია წილოსანმა ბულგარელ კოლეგასთან, ბულგარეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ივანოვთან ონლაინ ფორმატის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც თბილისსა და სოფიაში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ, მხარეებმა ორ ქვეყანაში შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
„შეხვედრაზე მეგობრობის ჯგუფებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბულგარეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე. აღსანიშნავია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომ ბულგარეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. შეხვედრაზე ჩვენ ასევე შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიც არის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების აქტუალიზაცია, კულტურის, განათლების და ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესება“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.
საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მხარეები თბილისსა და სოფიაში ორმხრივი საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გამართვაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მომავალ კვირას საქართველოს ელჩი ბულგარეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის სხდომაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ორი ქვეყნის თანამშრომლობის მიმართულებებზე სასაუბროდ, ბულგარეთის პარლამენტში მოხსენებით წარდგება.
ხატია წილოსანის და ალექსანდრ ივანოვის ონლაინ შეხვედრა ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.