
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, ხატია წილოსანმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონფერენციაში „მუნიციპალიტეტსა და სახელმწიფო უწყებებს შორის პარტნიორობა ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის 17 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მათ შორის მერები, საკრებულოს წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრები, გენდერული მრჩევლები, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.
კონფერენციაზე განიხილეს ძალადობის მიმართ მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობა.
იმსჯელეს მუნიციპალიტეტებსა და სამთავრობო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერების თაობაზე ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების ყოვლისმომცველი მიდგომების გასაუმჯობესებლად.
ისაუბრეს ოჯახში ძალადობის ინდიკატორების განსაზღვრის პრევენციისა და ქმედითი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
„საქართველოს პარლამენტის და გენდერული საბჭოს ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი გახდა, რომ ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ და ყველა სახის ძალადობის ეფექტურად აღმოფხვრისთვის გადადგმულიყო ნაბიჯები და განხორციელებულიყო საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ უკეთესი სისტემა მიგვეღო, რაც ცხადია, კიდევ უფრო დაიხვეწება.
მნიშვნელოვანია, რომ 2022 წელს შეიცვალა კანონმდებლობა, რომელმაც საშუალება მისცა ძალადობის მსხვერპლს, რომ სტატუსის მოპოვებამდე ისარგებლოს მუნიციპალური თავშესაფრის სერვისებით, რაც საშუალებას აძლევს მათ თავიდან აიცილონ ხელახალი ძალადობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკურად შემცირდეს ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა და ყველა სახელმწიფო უწყება, ეს იქნება სამინისტრო, ომბუდსმენი, პარლამენტი, მთავრობა და მუნიციპალიტეტები, მუშაობენ ერთობლივი პოზიციის ჩამოყალიბებაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შემცირდეს ოჯახში ძალადობა და ზოგადად ყველა სახის ძალადობა“, - განაცხადა ხატია წილოსანმა კონფერენციის დასრულების შემდეგ.
მონაწილეები ერთობლივად შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.
დაიგეგმა ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივი კოორდინირებული საქმიანობა.