საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას და თეონა აქუბარდიას ერთობლივი განცხადება

მედია და საზოგადოება 07 აპრილი 2023

პარლამენტის წევრები - ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თეონა აქუბარდია განცხადებას ავრცელებენ.
​

„საქართველოს პარლამენტმა, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია „ფორმულას", „ტვ პირველის"  და „მთავარი არხის" ჟურნალისტებს. 

მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, გაითვალისწინოს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს აქვთ საჯაროობის ვალდებულება და გააუქმოს მის მიერ მიღებული ბრძანება, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიის მთავარ პრინციპებს და იწვევს მედიის საქმიანობის განხორციელების ხელშეშლას და ცენზურის გაძლიერებას სახელისუფლო ორგანოების მხრიდან. განსხვავებული და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა „ქართული ოცნების” ხელწერად არის ქცეული. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოღებული აკრედიტაციის წესი ცენზურაა, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალის შინაარსში ჩარევას.

პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ გამოცემული აქტი არ მოიცავს ჩატარებული მოკვლევის შინაარსს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს ყველაფერი აჩენს განცდას, რომ მიღებული გადაწყვეტილება მიზანმიმართულად უკავშირდება კრიტიკული მედიასაშუალებების დისკრედიტაციას და მათ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების ხელშეშლას“, -  ნათქვამია განცხადებაში.