საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კობა ლურსმანაშვილის საქმიანობის ანგარიში ხალხს

მაჟორიტარი დეპუტატები 22 იანვარი 2019
კობა ლურსმანაშვილის საქმიანობის ანგარიში ხალხს

21 იანვარს, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა კობა ლურსმანაშვილმა საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში საჯარო შეხვედრა გამართა.

მაჟორიტარმა საკუთარი, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში როგორც ბაღდათის, ისე ხარაგაულის მოსახლეობას საჯარო შეხვედრაზე წარუდგინა. 

პარლამენტარმა დამსწრე საზოგადოებასა და მოწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნო მისი როგორც საპარლამენტო და საკანონმდებლო, ისე მაჟორიტარული საქმიანობის შედეგები: კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში, პირადად შეხვდა 2000-მდე მოქალაქეს, გამართა 70-მდე გასვლითი შეხვედრა მოსახლეობასთან, ბიუროს დახმარებით, უშუამდგომლა 200-ზე მეტ მოქალაქეს სხვადასხვა შესაბამის სტრუქტურასთან, ასევე, ისაუბრა იმ რეფორმებსა და ინიციატივებზე, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული; მიაწოდა ინფორმაცია ბიუროს როლსა და საქმიანობაზე N51 ოლქში, მათ შორის, განხორციელებულ დამიმდინარე პროექტებზე და ა.შ.

კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობას სამომავლო გეგმებიც გააცნო: დეპუტატის თქმით, 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა. ასევე, 2019 წელს დაიწყება 35 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით, ხოლო რეგიონებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 27 ახალ საჯარო სკოლას ააშენებს.

ოლქის მოსახლეობის გარდა, ანგარიშს ბაღდათისა და ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრების მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მაჟორიტარისთვის კითხვების დასმას დაეთმო.

ანგარიშის წარდგენა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.