
ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნაკაიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად, ქობულეთის ზღვისპირა ზოლი და ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაწყებულია, თუმცა შემსრულებელი კომპანიის მხრიდან მოხდა სამუშაოების გაჭიანურება და შეჩერება.
მინისტრმა პირადად დაათვალიერა სანაპიროზე დაწყებული მშენებლობა და ტურისტული სეზონის წინ არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობის და მოსახლეობის წარმომადგენლებს მიაწოდა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე მოხდა არსებული ვითარების შეფასება და სამუშაოების განახლებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება.
„სამწუხაროდ ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. ისინი 1 მაისიდან დაიწყებენ უშუალოდ ქობულეთში სამუშაოების შესრულებას. დღეს უკვე მათ მიერ განთავსებულია შეკვეთები ბეტონის ნაკეთობის დამზადებისთვის. ანუ მათ პრაქტიკულად დაწყებული აქვთ საქმიანობა“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ქობულეთის სანაპირო ზოლის ტურისტულ სეზონამდე მოწესრიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს საკითხით დაინტერესებისთვის. მისი თქმით, ახალი კომპანიის პირობებში მოხდება სამუშაოების დაჩქარება.
„ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია წლევანდელი საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.