ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.
„გატარებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის მიუხედავად, განათლების, გადამზადების, კვლევისა და ტექნოლოგიების სისტემაში კვლავ რჩება გამოწვევები, მათ შორის, ხარისხისა და თანასწორობის, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. სტრატეგიის ახალი დოკუმენტი წარმოადგენს მთავრობის ხედვას განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების შესახებ და პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად ასახავს გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების გეგმას“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ.
მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, მიმდინარე წელს მუშაობა გაგრძელდა 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც სრულ თანხვედრაშია ეროვნულ კანონმდებლობასთან.
მისი განცხადებით, ევროპულ მხარესთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც 2022 წელს იგეგმება 2017-2021 წლების არსებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ანალიზი და რეკომენდაციის მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტიანი იყო ის პროცესი, რომელსაც განათლების სამინისტრო მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე ახორციელებდა.
მომხსენებელმა მოხსენებისას კონკრეტული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტის მე-2 ფაზის განხორციელებაზე და აღნიშნა, რომ იგი მოსწავლეებს მულტიკულტურული გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს.
მისივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების ცენტრის „Learning Academy” (სასწავლო აკადემია) ჩამოყალიბება იგეგმება.
„„სასწავლო აკადემია“, პირველ ეტაპზე, უზრუნველყოფს ევროპული სკოლის მასწავლებლებსა და ხელმძღვანელობის პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო ბაკალავრიატისა და აკრედიტირებული ევროპული სკოლების ქსელების სტანდარტების შესაბამისად. შემდგომ ეტაპზე, განიხილება იგივე ხარისხის სერვისების შეთავაზება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და ხელმძღვანელობისთვის“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
ეკატერინე დგებუაძემ ყურადღება ასევე, გაამახვილა Erasmus+ პროგრამაზე და აღნიშნა, რომ ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს ევროპაში განათლების ყველა საფეხურის, გადამზადებას, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარებას.
მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა გაფართოვდა და მას პროფესიული განათლების კომპონენტი დაემატა.
მთავრობის წარმომადგენელმა ასევე განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაზე, არაფორმალური განათლების აღიარების სერვისის განვითარებაზე. „ზრდასრულთა სწავლების სისტემის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს დასაქმების შესაძლებლობების ზრდასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფად რეაგირებას“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისი ინფორმაციით მუშაობა გრძელდება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებაზე. ეკატერინე დგებუაძემ კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, კვლევასა და ინდუსტრიას შორის დარგთაშორისი კოლაბორაციის გაძლიერების შესახებ ევროკავშირის ინსტიტუციური დაძმობილების პროექტის განხორციელება გრძელდება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და ინდუსტრიის დაახლოებას, ახალი დაფინანსების სქემების, არსებული პროგრამების გაუმჯობესებისა და პროფესიული კვლევების წახალისების მიმართულებით.