
სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა.
სხდომას კომიტეტების თავმჯდომარეები ელისო ბოლქვაძე და სისაკ გაბრიელიანი უძღვებოდნენ.
ელისო ბოლქვაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის 17 ნოემბერს და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა. დღევანდელი დღე სწორედ ნათელი მაგალითია აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი სხდომის ჩატარება. ასევე მოხარულები ვიქნებით გავმართოთ ერთობლივი საკომიტეტო სხდომა უახლოეს მომავალში საქართველოში“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
მისი თქმით, კულტურის კომიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კულტურის დიპლომატიას, როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას.
სომხეთის რესპუბლიკაში ელისო ბოლქვაძესთან ერთად იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ბაია კვიციანი, გივი ჭიჭინაძე, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან მგალობლიშვილი და ნოდარ ტურძელაძე.