
პარლამენტის წევრებმა ანა ნაცვლიშვილმა და არმაზ ახვლედიანმა პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტი დააინიცირეს.
ამის შესახებ დეპუტატებმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადეს.
„ჩვენი კანონპროექტი გულისხმობს პიროტექნიკის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტობრივად სრულ აკრძალვას, ვინაიდან პიროტექნიკა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, აბინძურებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ცხოველებსა და ფრინველებს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს ორ გამონაკლისს. ერთი ეს არის F1 კატეგორიის პიროტექნიკა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შესაძლებელია დახურულ სივრცეში. მეორე კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება კი დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.
დეპუტატ არმაზ ახვლედიანის განცხადებით, კანონპროექტის ინიციატორებმა შეისწავლეს სხვადასხვა სახელმწიფოების პრაქტიკა პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით და გაიარეს კონსულტაციები გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ასევე, კანონპროექტს საფუძვლად უდევს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში პიროტექნიკის გამოყენების მიმართულებით არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს საქართველო შეხვდება პიროტექნიკის გარეშე,“ - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.