საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ლევან ბერძენიშვილი COSAC-ის თავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 13 ივლისი 2015
ლევან ბერძენიშვილი COSAC-ის თავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი COSAC-ის თავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ, მარს დი ბარტოლომეომ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას ლუქსემბურგის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები გააცნო. 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში საპრეზიდენტო ტროიკის სპეციალური მიწვევით, დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა, სადაც სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის მცდელობას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ხელშესაწყობად გამოყენებული იქნას ყველა, ორმხრივი თუ მრავალმხრივი საპარლამენტო დიპლომატიის მექანიზმები. კომიტეტის თავმჯდომარემ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ისაუბრა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ლევან ბერძენიშვილმა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით, კოლეგებს საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობა შეახსენა.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ერთადერთია აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტთა შორის, რომელმაც COSAC-თან ასოცირება შეძლო და ევროკავშირის წევრების და კანდიდატი სახელმწიფოების ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებაში მოხვდა.

COSAC-ი ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტებსა და ევროპარლამენტის ხელმძღვანელობას აერთიანებს. საპარლამენტო კომიტეტების ეს გაერთიანება 1989 წელს შეიქმნა, როდესაც ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნების პარლამენტის თავმჯომარეები შეთანხმდნენ, ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაში ეროვნული პარლამენტების როლი გაეძლიერებინათ.

კოსაკს საპრეზიდენტო ტროიკა (ევროკავშირის წინა, ახლანდელი და მომავალი პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტი) ხელმძღვანელობს. პრეზიდენტ პარლამენტად ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტი (ამჟამად ლუქსემბურგის პარლამენტი)გვევლინება.

COSAC-ში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტს მისცემს საშუალებას, რომ უფრო მჭიდროდ ჩაერთოს ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობის პროცესში, რაც კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის მიმართულებით.