
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა მონაწილეობა მიიღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის" ფარგლებში მიმდინარე განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეის მე-13 სხდომის საპარლამენტო ფორუმში.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მწვანე ენერგიის მნიშვნელობაზე, კლიმატის ცვლილებაზე და მასთან დაკავშირებულ გლობალურ პრობლემებზე, ასევე, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები გააცნო, მათ შორის, ისაუბრა ახალი კლიმატის კანონის შემუშავებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს გახდეს ერთ-ერთი ლიდერი იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც ეს კანონი არის მიღებული.
მაია ბითაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს პოტენციალს მწვანე ენერგიის, მათ შორის, ჰიდრო, ქარისა და წყლის ენერგიის გამოყენების თავლსაზრისით. ისაუბრა დეკარბონიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს გეგმებზე და მიზნებზე, რაც 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიების 35%-თ შემცირებას გულისხმობს. მან სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ, მათ შორის, ხაზი გაუსვა უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პროექტს რომლის განხორციელებაც სამომავლოდ იგეგმება. კერძოდ, საუბარია შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტზე, რომელიც საქართველოს პირდაპირ დააკავშირებს ევროკავშირთან და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას გააძლიერებს. მაია ბითაძემ აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა, ისევე, როგორც საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა როგორც ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, ასევე ტექნოლოგიური ცოდნის გაცვლის თვალსაზრისით.