
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალში გამართულ „ეკომეგობრული კახეთი 2026“-ის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
„ბავშვები ქმნიან ეკომეგობრულ მომავალს. მათ კარგად ესმით, რომ ნარჩენი არ უნდა გადაიყაროს, არამედ შესაძლებელია მისი გადამუშავებით ახალი პროდუქტის შექმნა. მოხარული ვარ, რომ კახეთი პირველი რეგიონია, სადაც ასეთი მასშტაბური ღონისძიება ხორციელდება. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ვიამაყებთ იმ შედეგებით, რომლებსაც დღეს ეყრება საფუძველი. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვაში“, - აღნიშნა მაია ბითაძემ სიტყვით გამოსვლისას.
კახეთის რეგიონში ორი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა პროექტი გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და პასუხისმგებლიანი გარემოსდაცვითი ქცევის ხელშეწყობის მიზნით. პროექტის ფარგლებში კახეთის რვა მუნიციპალიტეტის სკოლებში გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები მოსწავლეებთან, რომლებიც ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას ემსახურებოდა.
„ეკომეგობრული კახეთი 2026“ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“ - „ვეისთლესის“ ინიციატივით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, ასევე კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობითა და ჩართულობით განხორციელდა.
ლაგოდეხის ეროვნულ პარკში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დააჯილდოვეს.