გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ონლაინ დაესწრო კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) გვერდით ღონისძიებას, რომელიც კლიმატის ცვლილებას და სუფთა ენერგიაზე გადასვლას ეხებოდა.
„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში. ევროკავშირის და ასევე სხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით არსებული პროგრამების ფარგლებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მუშაობენ უშუალოდ გარემოსდაცვით საკითხებზე როგორიცაა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, ემისიების შემცირება, განახლებადი ენერგიები. ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით ისინი ახორციელებენ ისეთ აქტივობებს, როგორიცაა მზის პანელების დამონტაჟება, მდგრადი შენობების პოპულარიზაცია, სოფლის მეურნეობის სექტორში ადაპტაციის უნარის გაძლიერება და, ამავე დროს, გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლება ქვეყანაში. კლიმატის ცვლილება პრიორიტეტულია ჩვენი კომიტეტისთვის და წარმოადგენს კომიტეტის სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს მიმდინარე 4 წლის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით კომიტეტი ავითარებს ისეთ თემებს, როგორიცაა მწვანე ზრდა და ცირკულარული ეკონომიკა, მდგრადი ურბანული განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, გარემოს მიმართ მეგობრული ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლად ეკოსერვისების გაძლიერება და ა.შ.“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ღონისძიება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ორგანიზებით გაიმართა.