საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაკა ბოჭორიშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 21 ივლისი 2022
მაკა ბოჭორიშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

 

მხარეებმა ევროპული საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობაზე, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობასა და მის მიმდინარეობაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

 

„შეხვედრისას განვიხილეთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიენიჭა. ასევე ვისაუბრეთ ევროკომისიის მხრიდან რეკომენდაციების შესრულების პროცესზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს და რომელიც ყველა მხარის ჩართულობით უნდა წარიმართოს. საუბარი შეეხო ასევე იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ მიაღწია ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. სწორედ ეს შეთანხმება არის ქვეყნის ტრანსფორმაციის საუკეთესო გზამკვლევი, რაც ჩვენ ევროკავშირთან გაგვაჩნია, და სწორედ, ამ შეთანხმების ნაწილი არის მოცემული შესასრულებელ რეკომენდაციებშიც ასახული", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა.

 

შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას და მის გავლენას რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

 

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტიდან, შეხვედრაში, მაკა ბოჭორიშვილი, არჩილ თალაკვაძე, ნინო იობაშვილი, თეონა აქუბარდია და ჰერმან საბო მონაწილეობდნენ.