საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაკა ბოჭორიშვილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 29 ნოემბერი 2022
მაკა ბოჭორიშვილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.

 

შეხვედრისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და პერსპექტივებზე ისაუბრა.

 

ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პროცესზე, საქართველოს მოლოდინებზე და როლზე ევროკავშირთან ურთიერთობებში.

 

„ევროკავშირის საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა გაუჩინა, რომელიც არის შანსი ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ეს არის საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენ გვაქვს მისი გამოყენების შანსი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შანსი გამოიყენოს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ასევე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობას და როლს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.