საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 29 ნოემბერი 2023
მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მატიე კომბს და ამავე სამინისტროს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის განყოფილების უფროსს ბენუა ლეროზეს შეხვდა.


შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მიერ გაცემულ დადებით რეკომენდაციაზე და ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.


ასევე, განიხილეს დეკემბერში, ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში განსახილველი საკითხები და საფრანგეთის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.


მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების გზას, რათა ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის. მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.


შეხვედრისას საუბარი შეეხო ახლო მომავალში დაგეგმილ ნაბიჯებს. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირის შემდეგი რეკომენდაციების შესრულების პროცესის დაჩქარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.