
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გერმანიის ბუნდესტაგში სამუშაო შეხვედრები გამართეს.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს, ქართულ-გერმანული საპარლამენტო ფორუმის ხელმძღვანელს, იოზეფ რიფს, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში ფრაქცია სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) სპიკერს, კრისტიან პეტრის, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალისტური კავშირის (CDU/CSU) სპიკერს, გუნტერ კრიხბაუმს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ფრაქცია CDU/CSU-ს სპიკერს, კნუტ აბრაჰამს შეხვდნენ.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილებას, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზნების მიღწევის კუთხით გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გავლენა ევროპულ უსაფრთხოებაზე.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას.
შეხვედრებისას, გერმანელმა პარლამენტარებმა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და ამ გზაზე საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების მზაობა გამოთქვეს.