
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგო რატიანი პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა და ახალგაზრდებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებსა და კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტაჟიორები ქვეყნის საშინაო პოლიტიკით, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებითა და განვითარების სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო არაერთ აქტუალურ საკითხს, მათ შორის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ განხილულ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და სახელმწიფოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების საკითხზე.
სერგო რატიანმა პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს გაუზიარა მისი პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება, ასევე განიხილა ის განვითარების ეტაპები, რომელიც საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, გაიარა განათლებისა და ეკონომიკის დარგების მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პარლამენტის სტაჟიორებს წარმატებები უსურვა.