
„პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო იმ ნდობისთვის, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩემი კანდიდატურის წარდგენის, ხოლო საარჩევნო ხმის მქონე დელეგატებმა - საქართველოს პრეზიდენტად არჩევით გამომიცხადეს!“ - განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სასახლეში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა.
„ჩვენმა ჭირ-ვარამ გამოვლილმა ხალხმა კი საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დასაცავად, ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო - მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან, ბევრად მრავალრიცხოვან მტერთან ათასწლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა“, - განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ქართველი ერი ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ერია, რომლის ჩამოყალიბებაც უძველეს დროში დაიწყო.
„ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია - მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი. ჩვენ შევქმენით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია, დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით - საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ჩვენს ხალხს ხასიათი გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა.
„ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული; სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია. ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის ბუნება, ისტორია და კულტურა კარგად ჩანს ჩვენს ენაში, რომელიც მსოფლიოს უძველეს ენათა შორის იკავებს საპატიო ადგილს.
„არაერთი ქართული სიტყვა, ფრაზა თუ გამონათქვამი ანარეკლია ჩვენი წარსულის, რომელიც სავსეა ქართველი ხალხის თავდადებისა თუ შეუპოვრობის ისტორიებით. ქართულ ენაზე შექმნილია მსოფლიო დონის არაერთი შედევრი, რომელიც დღესაც აღაფრთოვანებს მკითხველს. ქართული ენა ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომელიც მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია.
„ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში - შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა.
მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი - ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული.
ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია! კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით, გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევა, რითაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ.
„სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს! წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენ ქვეყანას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება.
„მათ შორის ისეთ საფრთხეებთან, რომელიც გამანადგურებელი შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს მოვახერხეთ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ერთად დგომით. გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება - ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივისმცემლობასა და ამპარტავნულ დამოკიდებულებას; რომელიც მოითხოვს პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრონ ჩვენს სამშობლოს. სწორედ ასეთი - მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება, უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავება. თანაც ისე, რომ ვაგრძელებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მან თავის გამოსვლაში ქართველი ხალხის ტოლერანტობაზეც ისაუბრა.
„ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ჰარმონიულად თანაცხოვრობდა განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მქონე ხალხთან. ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით - ჰუმანური ბუნებით, განსხვავებულობის პატივისცემით, მაღალი ტოლერანტობით და რაც მთავარია, ყოველთვის ვიცოდით განსაკუთრებული მეგობრობა და ერთგულება, მოყვასის სიყვარული და პატივისცემა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანები ძალიან მალე თვლიდნენ საქართველოს საკუთარ სამშობლოდ და საჭიროების შემთხვევაში, ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ მის დასაცავად. ისტორიას უხვად აქვს შემორჩენილი მსგავსი გმირობის არაერთი ფაქტი. მიხარია, რომ დღესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩვენი მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა მადლიერება და განსაკუთრებული სიყვარული გამოვხატო მათ მიმართ. ჩვენი ვალია, თითოეულმა მათგანმა საქართველოს სრულყოფილ მოქალაქედ იგრძნოს თავი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით სტკივა ის ჭრილობა, რომელიც მავანთა მიერ თავსმოხვეულმა დაპირისპირებებმა მოგვაყენა და დაგვაშორა ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს.
„მათთან ერთად ჩვენ საუკუნეების განმავლობაში თანავცხოვრობდით, ერთად ვქმნიდით საქართველოს ისტორიას, მხარდამხარ ვიცავდით ჩვენს სამშობლოს გარეშე მტრისგან, ვწერდით გამორჩეული მეგობრობისა და სიყვარულის ისტორიებს. ვქმნიდით ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ოჯახებს. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ჩვენ შევძლებთ ერთად მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელოთ მრავალსაუკუნოვანი, ტრადიციებზე, ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული თანაცხოვრება - ერთიან და ძლიერ საქართველოში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, დღეს ჩვენი ქვეყანა დგას გარედან თავს მოხვეული, საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის წინაშე.
„ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, მათი შეხედულებებისა თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა! ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ. მიუხედავად იმისა ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე - ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი სამშობლოს, ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო. იმ მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი და ჩვენი გამორჩეული ღირებულება თავისუფლების სიყვარულია.
„სიტყვა თავისუფლება, უფლებასთან ერთად - ასევე მოიცავს პასუხისმგებლობას და იმ ღირებულებების დაცვას, რომლისთვის ბრძოლამაც ეს თავისუფლება მოგვიტანა, ეს არის უკვდავი იდეისთვის ბრძოლა, რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ეს იდეა მოიცავს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების პატივისცემას.
ქართულ ენაში, თავისუფალი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს, რომ იყო საკუთარი თავის - უფალი, არ იყო დამოკიდებული არავისზე და არაფერზე; საკუთარი - სინდისის, ნამუსის, ადამიანობისა და შინაგანი ხმის გარდა. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, სწორედ უფლის და ჭეშმარიტების ძიებას გულისხმობს საკუთარ თავში. ისევე, როგორც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ სწრაფვას, რაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ასე ძალიან სჭირდება.
თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას! ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს რომ, ჩვენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. თავისუფლება ასევე გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმას და დისკუსიას, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, განსხვავებული პოზიციების დაახლოების უმთავრესი წინაპირობაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, სწორედ საქართველოს თავისუფალმა მოქალაქეებმა, უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობასა და იმ წესებს, რომელსაც ადგენს სახელმწიფო.
„სახელმწიფოებრიობის განცდა და შეგრძნება უპირველესია ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის შენების გზაზე. სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი. ზუსტად თავისუფლების, წესების და ეროვნული იდენტობის დაცვის ასეთ გაგებაში დაინახა ქართველმა ხალხმა შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში, რომელიც უნდა იყოს საშუალება ჩვენნაირი პატარა ერისთვის დავიცვათ ჩვენი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა.
თუკი, არსებობს ქართველი ადამიანი ვინც შეიძლება ამ ღირებულებებს და შეხედულებებს არ იზიარებს, ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა - ვის ან რას შეიძლება ემსახურებოდეს?!
მე მჯერა ქართველი ადამიანის,
მე მჯერა ჩვენი ერის სიძლიერის.
მე მჯერა, ჩვენი ისტორიული გამოცდილებით, ღირებულებებით, ქართული ხასიათით ჩვენ შევძლებთ საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა და გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო. მე მჯერა, რომ სიყვარული გაიმარჯვებს!
გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და სიყვარულით სავსე საქართველოს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.