საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა

მედია და საზოგადოება 12 Feb 2009
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა

პრეზიდენტის მიმართვა, საქართველოს პარლამენტის წინაშე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას; მის წინაშე არსებულ გამოწვევებს; ხელისუფლების საქმიანობას; მომავალ პრიორიტეტებსა და მიზნებს ეხებოდა.

"საქართველო დღეს დიდი ეროვნული პრობლემების  წინაშე დგას. ჩვენ დღეს არ გვაქვს ფუფუნება, რომ გაგვაჩნდეს სამი, ოთხი, ან ათი პრიორიტეტი, დღეს ჩვენ გვაქვს ერთი და უმთავრესი პრიორიტეტი - ეს არის ეკონომიკის გაჯანსაღება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და დასაქმების გაზრდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ექსპერტების მონაცემების მიხედვით, საქართველოს აქვს შანსი აღმოჩნდეს იმ ქვეყანათა ათეულში, ვისაც ყველაზე ნაკლებად დააზარალებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

"ჩვენ წინ დიდი ბრძოლა გველის, ეს არის ბრძოლა ეკონომიკის გადასარჩენად, ბრძოლა სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში ჩვენი წარმატება დამოკიდებულია ერთ რამეზე, შევძლებთ თუ არა ჩვენ შევინარჩუნოთ ერთიანობა და სტაბილურობა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  

საქართველოს პრეზიდენტის თქმით მთავრობას აქვს 3 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს: უცხოელი ბიზნესმენების ხელშეწყობას, სახელმწიფოს ინვესტირებას ისეთ პროექტებში, რომლებიც ეკონომიკას გაამყარებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი ეს სახელმწიფომ საზოგადოების ხელშეწყობით უნდა განახორციელოს. მისი განცხადებით, სახელმწიფო თავად უნდა გახდეს ინვესტორი, რათა განვითარდეს მეწარმეობა და შეიქმნას სამუშაო ადგილები.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სამპუნქტიანი გეგმა საკმარისი არ არის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად, რომელიც ხალხს აიძულებს "ქამრების მოჭერას" და ხარჯების დაზოგვას.

თუმცა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ქამრების შემოჭერის პრინციპი პრეზიდენტის უწყებასაც ეხება და სწორედ ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება წეროვანში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია გადაკეთდეს საბავშვო ბაღად და გადაეცეს წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს. გარდა ამისა, მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში გასაყიდად მომზადდება ზუგდიდისა და ბათუმის ცენტრებში განთავსებული სამთავრობო რეზიდენციები. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ მიმართულებით დაზოგილი თანხა "იაფი კრედიტის” გაცემას და ჯანდაცვის პროგრამების გაფართოებას მოხმარდება.

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივით წარსდგა, რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის ფუნდამენტურ გადახალისებას გულისხმობს. "ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ნებისმიერი მოქალაქისათვის," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ახალი ინიციატივის - ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამით, სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებს მონაწილეობას სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებული თვეში ხუთლარიანი სადაზღვევო პაკეტების დაფინანსებაში. ყველა მოქალაქისათვის, ვინც შეიძენს 5 ლარიან სადაზღვევო პაკეტს, ამ 5 ლარიდან სახელმწიფო 3,35 ლარს გადაიხდის. რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეს გადასახდელი ექნება მხოლოდ 1 ლარი და 65 თეთრი თვეში.

"ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა იქნება მნიშვნელოვანი გარდატეხა დაზღვევის აქამდე არსებულ სისტემაში. ყველა მოქალაქეს ექნება ჯანმრთელობის დაზღვევის საშუალება და სახელმწიფოს დახმარებით წელიწადში 20 ლარზე ნაკლებად შეძლებს მიიღოს მთლიანობაში დაახლოებით 8000 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება," - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზეც ისაუბრა.

"ჩვენი განსაკუთრებული ტკივილი და განსაკუთრებული ზრუნვის საგანია იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. რაც არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მათი მძიმე ყოფის შესამსუბუქებლად, ვერაფერი ჩაანაცვლებს იმ დანაკარგს, რომელიც თითოეულმა მათგანმა განიცადა.   მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მათ შეძლებისდაგვარად ადამიანური პირობები შევუქმნათ საცხოვრებლად და სამუშაოდ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

პრეზიდენტის თქმით ამ დღეებში დაიწყო დევნილებისთვის მიწის დარიგების პროცესი, ყოველი ოჯახი იღებს საშუალოდ ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთს საკუთრებაში და საჭირო სათესლე საშუალებებს.

 "მანამ სანამ საქართველო არ გაერთიანდება და ყველა დევნილი არ დაუბრუნდება თავის კანონიერ სახლ-კარს, თავის წარმოშობის კუთხეს, ქალაქსა თუ სოფელს. მათი სოციალური ხელშეწყობა ყოველთვის იქნება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ზრუნვის საგანი" - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

მიხეილ სააკაშვილმა  ისაუბრა საგანმანათლებლო სისტემაზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული ეკონომიკური პერიოდისა სახელმწიფოს არა აქვს უფლება ყურადღება მოაკლოს საზოგადოების განსაკუთრებულად ღირსეულ და დასაფასებელ ნაწილს, – პედაგოგებს.

სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლიდან დაიწყო მასწავლებლების ხელფასების ზრდის ახალი ეტაპი: 1 იანვრიდან  ხელფასები გაიზარდა 25 ლარით ხოლო 1 სექტემბრიდან კიდევ 25 ლარით მატებაა დაგეგმილი. გარდა ამისა წელს 19 მილიონი ლარით გაიზარდა მასწავლებელთა სამედიცინო დაზღვევის დაფინანსება.

დასაქმების პრობლემის გადაჭრისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ქვეყნის პრეზიდენტს ქართული სოფლის აღორძინება მიაჩნია. მიმდინარე წლის, მარტის თვიდან მოქმედებას დაიწყებს სოფლების დახმარების და განვითარების ახალი, ექსპერიმენტული პროგრამა "ფული ყველა სოფელს”. ამ პროგრამის მიხედვით 20 მილიონი ლარი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება ყველა სოფელზე. ფულს მიიღებს ყველა სოფელი და ადგილობრივი მოსახლეობა თავად გადაწყვეტს თუ რა მიმართულებით დაიხარჯება აღნიშნული თანხა.

პრეზიდენტმა ქვეყანაში ქართული ბიზნესის როლზე ისაუბრა და აღნიშნა: "მსოფლიო კრიზისის ფონზე ბიზნესმენებს დღეს ყველაზე მეტად უჭირთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ წყვეტენ ინვესტირებას და  სამუშაო ადგილების შექმნას. ეძებენ ახალ შესაძლებლობებს და ინარჩუნებენ ეკონომიკურ სტაბილურობას."  მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პასუხი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე იქნება  უფრო უკეთესი ბიზნეს გარემო საქართველოში,  უფრო ლიბერალური და გახსნილი ეკონომიკა.

"იგულეთ მთელი მთავრობა თქვნს სამსახურში. იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი წარმატება ჩვენი ხალხისა და უკეთესი საქართველოსთვის" - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ..

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება საერთაშორისო ურთიერთობებსა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ქვეყანა უდიდესი საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე იმყოფება. საქართველოს დიდი და სახიფათო მტერი უპირისპირდება, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს, რომელიც წარსული დაპირისპირებებისკენ ექაჩება მსოფლიოს და რომელიც ცდილობს, რომ მთლიანად განდევნოს საქართველოდან საერთაშორისო ორგანიზაციები, იმისათვის რომ საკუთარი ბოროტების შემფასებელი აღარავინ დარჩეს.

"მათ დაგვიხოცეს ჯარისკაცები, პოლიციელები, დაგვინგრიეს ქალაქები. ისინი აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში აშენებენ სამხედრო ბაზებს. მტრის მიზანია, საქართველო დააქუცმაცოს და მსოფლიო რუქიდან გააქროს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ასეთ პირობებში საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას ერთიანობა მართებთ, რათა საერთაშორისო ინსტიტუტებთან კოორდინაციით აღებული კურსი გაგრძელდეს და მტერმა მიზანს ვერ მიაღწიოს.    

პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მიუნხენის სამიტმაც აჩვენა, რომ საქართველოსადმი მხარდაჭერა ურყევია.

"აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან გადავდივართ სტრატეგიული ხელშეკრულების იმპლემენტაციის სრულიად ახალ ბევრად უფრო წინწასულ ფაზაზე, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა წინა ადმინისტრაციის პირობებში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობებსაც შეეხო. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა რუსეთი აღიარებს, რომ საქართველოს უფლება აქვს იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. მთავარია საქართველომ სტაბილურობა, სიმშვიდე და ერთიანობა შეინარჩუნოს.

"არც ჩვენ და არც მთელი ცივილიზებული სამყარო არასოდეს არ შეეგუება საქართველოს დაშლას. იმპერია ყოველთვის მარცხდება და დამარცხდება ამჯერადაც. საქართველო იქნება მთლიანი. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდებიან დედასამშობლოს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან საქრთველოს მთელ მოსახლეობას მიმართა: – "ნუ დაკარგავთ იმედს და ნუ აიცრუებთ გულს! მე ვარ თოთოეული თქვენგანის გვერდით. არ დამვიწყებია არც ერთი ჩემი პირობა, რომელიც მოგეცით. ნურც თქვენ დაივიწყებთ და გჯეროდეთ, რომ ყველა მათგანი შესრულდება.” პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ მთავარი მტერი უიმედობა და აპათიაა და თუ ამ მტერს არ დავნებდებით ყველა სხვა მტერს დავამარცხებთ.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დებატები გაიმართა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტის წინაშე მწვავე საკითხები დააყენეს, რომელიც სოციალურ პრობლემატიკას, დასაქმებისა და უმუშევრობის თემებს, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, მედიის და სასამართლოს თავისუფლებას,  რუსეთ–საქართველოს ომს და ქვეყნის უსაფრთხოებას ეხებოდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს რამდენიმე საკუთარი ინიციატივაც შესთავაზეს. 

ფრაქციის გარეთ დარჩენილმა დეპუტატმა, ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პრეზიდენტის გამოსვლის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა. ბაღათურიამ დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ  მას სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, ბაღათურიას ამის შანსი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს დაუჭერდნენ პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლისას მის ხუთწუთიან გამოსვლას, მაგრამ მან კოლეგების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

პირველმა პრეზიდენტის მოხსენება ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა შეაფასა და პრეზიდენტს რამდენიმე კონკრეტული კითხვა დაუსვა.  იგი დაინტერესდა აპირებს თუ არა მთავრობა უმუშევართა ზუსტ აღრიცხვას, მათთვის შემწეობების დაწესებას და უმუშევრობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარებას. 

"მაინტერესებს, ხელისუფლებამ მართლა არ იცის, თუ უბრალოდ არ ინტერესდება იმით, რამდენი უმუშევარია რეალურად საქართველოში? ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე 14%-ს არ აღემატება, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს რეალური მაჩვენებელი არ არის", - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

გიორგი ახვლედიანმა ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებას დანაშაული უწოდა. იგი ასევე დაინტერესდა იმით, თუ რატომ უნდა დაასრულოს კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” გამრიცხველიანება საქართველოში 2010 წლის ბოლომდე, და არა უფრო ადრე.

გიორგი ახვლედიანი “ენგურჰესის” თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მემორანდუმი ოკუპანტთან არის გაფორმებული და ის საზოგადოებისთვის დაფარული და გასაიდუმლოებული არ უნდა იყოს.

ბოლო წლების განმავლობაში, ახვლედიანის თქმით, საქართველოში მოხდა დემოკრატიული ღირებულებების გაუფასურება და ამასთან დაკავშირებით 7 ნოემბრის მოვლენები, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა და ტელეკომპანია “იმედის” მფლობელთან დაკავშირებული ბუნდოვანება დაასახელა.

"ვერ დავეთანხმები პრეზიდენტს, რომელიც ამბობს, რომ ბრიფინგის ჩატარების შესაძლებლობა სიტყვის თავისუფლებაა. მაინტერესებს, თქვენ მართლაც თვლით, რომ სიტყვის თავისუფლება ეს არის?!", - მიმართა გიორგი ახვლედიანმა პრეზიდენტს.   

“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” წევრმა, გურამ ჩახვაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ  სახელმწიფოს მოვალეობაა დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება და შეუქმნას მათ ცხოვრებისთვის მშვიდობიანი გარემო. გურამ ჩახვაძის თქმით, ხელისუფლების ცალკეულ შტოებს შორის დარღვეულია კონტროლის და წონასწორობის პრინციპი და სწორედ ეს არის მთავარი საფრთხე სტაბილურობისათვის.

მისი თქმით, ქვეყნის პირველი საერო პირი ყოველგვარ პარტიულ დაპირისპირებაზე მაღლა უნდა იდგეს და ის უნდა იყოს არა მონაწილე და მხარე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ არბიტრი და სამოქალაქო მშვიდობის გარანტი.

გურამ ჩახვაძის განცხადებით, “ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას” მიაჩნია, და ის მარტო არ არის ამ საკითხში, რომ სტაბილური სისტემის ფორმად, შესაძლოა, განხილული იქნას კონსტიტუციური, იგივე საპარლამენტო მონარქია.

ფრაქცია “ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარის, გია თორთლაძის განცხადებით, სამართლიანობა უნდა აღდგეს ქვეყნის შიგნით, რათა სამართლიანობა აღდგეს საქართველოს მიმართ.

გია თორთლაძის განცხადებით მოსამართლეები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისაგან. რაც შეეხება დევნილებს, გია თორთლაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში დევნილებისათვის ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა პრობლემები კვლავ არსებობს. გია თორთლაძემ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას არ უნდა დაავიწყდეს აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც დღეს უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

გია თორთლაძემ მეწარმეებზე და ბიზნეს სექტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სფერო უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისაგან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბიზნესმენებმა და ინვესტორებმა საკუთარი თანხები საქართველოდან არ გაიტანონ და ქვეყანაში ინვესტირება გააგრძელონ.

ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე გია თორთლაძე დღევანდელ სხდომაზე "პრესის სახლის" დაარსების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, აღნიშნული ხელს შეუწყობს მედიასაშუალებების  საქმიანობას.

გარდა ამისა, დეპუტატმა ხელისუფლებისგან მოითხოვა, საზოგადოებას ეცნობოს, რამდენს შეადგენს სადღეისოდ ადამიანის საარსებო მინიმუმი და მოსახლეობის რა რაოდენობაა დარჩენილი უმუშევრად.  დღესვე თორთლაძემ პრეზიდენტს "ჰაერში გამოკიდებული" სპორტის აკადემიისა და მწერალთა კავშირის სტატუსის დადგენა მოსთხოვა.

გია თორთლაძემ იუსტიციის სამინისტროს მიმართა კითხვით რატომ არ უყენებს უწყება ბრალს სეპარატისტულ რეჟიმებს და მათ ლიდერებს, სერგეი ბაღაფშსა და ედუარდ კოკოითს.

ფრაქცია “ნაციონალების” სახელით დებატებში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი გაბაშვილმა, რომელმაც წინა გამომსვლელების მიერ დაყენებულ საკითხებსაც გასცა პასუხი.

„ძალიან რთულია გააკრიტიკო ის ინიციატივები, რომელიც დღეს პრეზიდენტის გამოსვლაში მოვისმინეთ,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

მისი თქმით, განსაკუთრებით ეს ეხება სადაზღვევო სისტემას და ახალ სადაზღვევო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება მიიღოს ხელმისაწვდომი დაზღვევა.

გარდა ამისა, გოკა გაბაშვილის განცხადებით, არაფერია საკრიტიკო იმაში, რომ ქვეყანაში გაიზრდება პენსიები, ასევე გაიზრდება ხელფასები მასწავლებლებისათვის.

მისი თქმით, არც იმაშია გასაკრიტიკებელი არაფერი, რომ 2010 წლისათვის ქვეყანაში დასრულდება კომუნალური მრიცხველების პრობლემა და ყველა აბონენტი ინდივიდუალურად გადაიხდის თავის მიერ დახარჯულ თანხას.

გარდა ამისა, გოკა გაბაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული ღირებულებების გაუფასურების პრობლემა და ასევე თავისუფალი სიტყვისა და აზრის გამოხატვის და მოსმენის ყველა საშუალება არსებობას. მისი თქმით, დღეს საქართველოში ყველას შეუძლია  თავისუფლად მოისმინონ ტენდენციური, ობიექტური, სუბიექტური ან რაიმე სხვა სახის აზრი.

როგორც გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის მოხსენებაში ნათლად იყო წარმოჩენილი ქვეყნის გამოსავალი, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოსვლა კრიზისული ვითარებიდან.

გოკა გაბაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მონოპოლიებზე საუბარი მინიმუმ 6 წლით მაინცაა დაგვიანებული, ვინაიდან ყველას ახსოვს, რომ ქვეყანაში იყო ერთი მეღვინე, ერთი დამზღვევი და ერთი მებენზინე.

რაც შეეხება “ენგურჰესს,” გაბაშვილის თქმით, მემორანდუმი გაფორმებულია არა ოკუპანტთან, არამედ გაფორმდა რუსულ კომპანიასთან.

”ყოველთვის არის რისკი, რომ რუსეთი გამოიყენებს ამას, როგორც ენერგეტიკულ იარაღს. ჩვენ საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სწორედ ისეთ კომპანიასთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელსაც თავად  ბევრი აქვს დასაკარგი და მათთვის ხელსაყრელი არ იქნება თავისი საქმიანობისათვის საზიანო გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოში ”, - აღნიშნა გაბაშვილმა.

უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ თავის გამოსვლაში სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითა. მისი თქმით კოსმეტიკური ცვლილებების დრო არ არის. მან მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გამოიყენოს შანსი და გადადგას ნაბიჯები ხელისუფლების რეალური დანაწილების პრინციპის განსახორციელებლად. “არ გვინდა, საქართველო იქცეს შიდა დაპირისპირებების ფრონტად”, - აღნიშნა თარგამაძემ და დაამატა, რომ “ქრისტიან-დემოკრატები” რევოლუციებს ეწინააღმდეგებიან.

 “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში, თანამდებობიდან კახა ბენდუქიძის წასვლის მიუხედავად, გრძელდება “ბენდუნომიკის პოლიტიკა”. მან წამლის ბაზარზე მონოპოლიის არსებობაზე და მედიკამენტებზე ფასების მკვეთრ ზრდაზე ისაუბრა.

აგვისტოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომები დაუშვა და ვერ შეაფასა საგარეო პოლიტიკური საფრთხეები.

უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ თავის გამოსვლაში მედიის თავისუფლებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ამ მხრივ გარკვეული პროგრესი შეინიშნება,  თუმცა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის საკითხი ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. გიორგი თარგამაძემ ბეჭდვითი მედიის წინაშე არსებულ საფრთხეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას წამყვანი გაზეთების რედაქტორებმა მიმართეს ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით,  რომელმაც შესაძლოა, გაზეთების გავრცელებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

გიორგი თარგამაძის გამოსვლის შემდეგ პარლამენტისა და პრეზიდენტის წინაშე უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი წარსდგა.

უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მოხსენებაში იყო თანმიმდევრული პოლიტიკა და ამ მოხსენებაში საუბარი იყო კონკრეტულ საქმეზე.

“პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა აქ შოუს მოსაწყობად არ შეკრებილა. ჩვენ აქ ვართ საქმის საკეთებლად, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. მთავარი არის, რომ მიმართულება, კურსი, რომელიც აქვს მთავრობას არის სწორი - ეს არის მშვიდობიანი გზით ჩვენი მიწების დეოკუპაცია, ეკონომიკური სტიმულირება. ხელისუფლების მხრიდან სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, თუ საქართველო მოახერხებს გაძლიერდეს როგორც დემოკრატიული თვალსაზრისით, ასევე იყოს პოლიტიკურად სტაბილური და ამავდროულად იქნება საერთაშორისო მეგობრების პრინციპული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, მაშინ ოკუპანტი იძულებული იქნება თავად მოახდინოს ჩვენი მიწების დეოკუპაცია”, - განაცხადა ცისკარიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ასევე ცისკარიშვილის თქმით, უმრავლესობა მზადაა ნებისმიერ ოპონენტთან ქვეყნის მომავალზე ისაუბროს. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, "ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გასულ წელს დაშვებული პრეცედენტი საქართველოში წესად არ აქციოს". ეს განცხადება პეტრე ცისკარიშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიების საპასუხოდ გააკეთა და აღნიშნა, რომ "საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის ინვესტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თუმცა მათ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა აინტერესებთ". "გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული უნდა იქნეს ქვეყნის ინტერესებიდან და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება სტაბილურობა, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ - პროგნოზირებადი პოლიტიკური მდგომარეობა", - განაცხადა დეპუტატმა.

ფრაქციების თავმჯდომარეების, უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერების გამოსვლის შემდეგს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა და ოპოზიციის მიერ დასმულ ზოგიერთ ინიციტივას დაეთანხმა.

„მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე მაღალი ხარისხის საპარლამენტო დებატები, რომელიც მე ოდესმე მინახავს საქართველოს პარლამენტში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია იხვეწება, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ არ შევცდით, როცა ამ გზას დავადექით, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას.

„ჩემი გამოსვლა ჩვენი მიღწევებით თავის მოწონებას არ ითვალისწინებდა“, –აღნიშნა პრეზიდენტმა.  მისი თქმით, ის როგორც პასუხისმგებელი ლიდერი, ვალდებულია იყოს რეალისტი და პასუხისმგებლობით მიუდგეს თითოელ  სიტყვას, სიმართლე უთხრას ხალხს. 

საქართველოს პრეზიდენტი არ დაეთანხმა ფრაქცია “ქრისტიან –  დემოკრატების” წევრის, გიორგი ახვლედიანის ინიციატივას ახალი სამთავრობო უწყების შექმნის შესახებ: ,,იმ პირობებში, როდესაც საუბარია “ქამრების მოჭერაზე”, ახალი უწყებისა და ახალი ბიუროკრატიის შექმნა სრულიად საწინააღმდეგო მოვლენა იქნებოდა. საქართველოში არსებობდა ანტიმონოპოლიური სამსახური, თუმცა იყო მონოპოლია, არსებობდა დასაქმების სამსახური, მაგრამ არ იყო დასაქმება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტმა გაიზიარა ოპოზიციის წარმომადგენელთა შეშფოთება მედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება უკვე მუშაობს, დადგენილია ნორმები, რომელთა თანახმად მსოფლიო ბაზარზე სერტიფიცირებული ყველა წამალი საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად დაიშვება.

პრეზიდენტი დადებითად გამოეხმაურა ქრისტიან–დემოკრატების ინიციატივას ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის რეფორმასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა სასამართლო ხელისუფლებაზე. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი თითქმის ყველა გამომსვლელის მიერ დაისვა.  "სასამართლო სისტემაში არასოდეს ჩავრეულვარ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში გაამართლებს.

პრეზიდენტი არ დაეთანხმა ოპონენტების მიერ მედიის თავისუფლების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს, თუმცა დასძინა: „გამიხარდება, რომ საქართველოში მედია იყოს უფრო კომპეტენტური, უფრო თავისუფალიც და უფრო პასუხისმგებლიანიც“, მისი თქმით, არ არსებობს დრო, როცა რომელიმე არხზე, რომელიმე ოპოზიციონერი  მაინც არ  აკრიტიკებს მთავრობას და ეს არის საუკეთესო ტესტი მედიის თავისუფლების შესაფასებლად.

,,ენგურჰესთან“ დაკავშირებით პრეზიდენტმა მოუწოდა ოპოზიციას ჩაერთოს  საბოლოო ხელშეკრულების მომზადებაში: „ჩვენი ყველაზე დიდი თავის ტკივილი იქნებოდა ჩაბნელებული საქართველო. ჩვენ მივაღწიეთ, რომ საქართველოში შუქი არის, ენერგეტიკა მუშაობს მწყობრად. ეს არის  გააზრებული, მიზანმიმართული ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგი. ჩვენს მტერს ყველაზე მეტად დღეს სურს საქართველოს ჩაბნელება“.

პრეზიდენტი აგვისტოს ომის თემასაც შეეხო. „აქ გაიჟღერა ფრაზამ "დამარცხებული ომი".  ომში დამარცხებული ან გამარჯვებული ირკვევა მაშინ, როდესაც ომი დამთავრებულია. არაფერი არ არის დამთავრებული საქართველოში და თავს ნუ მოვიტყუებთ.  ომში დამარცხებული არის მაშინ, როცა არის გამარჯვებული. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ რუსეთი გამარჯვებულია ამ ომში?“ – მიმართა პრეზიდენტმა ოპოზიციას.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა ნამდვილად მაღალ დონეზე ჩააბარა ის გამოცდა, რასაც პოლიტიკური დებატები ერქვა,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ პარლამენტში გამართული დებატების შემდეგ.

პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებამდე პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს და კენჭი უყარეს. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტში “საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, რომელიც გულისხმობს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებში ხელმძღვანელების ცვლილებას. ახალი შემადგენლობა ასე განისაზღვრა:

თამაზ პეტრიაშვილი კვიპროსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი კანდელაკი ირლანდიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელობის ჯგუფის ხელმძღვანელმძღვანელი, ჩიორა თაქთაქიშვილი ბელგიის პარლამენტთან მეგობრი, კობა ხაბაზი ჩინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ხოლო დავით დარჩიაშვილი უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხდება.

ცვლილებები განხორციელდა  რამდენიმე ჯგუფის წევრთან დაკავშირებითაც. პაატა დავითაია  იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შემადგენლობაში იმუშვებს, დავით ბეჟუაშვილი - საბერძნეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფში,  კობა ხაბაზი –  უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შემადგენლობაში.