
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა გახსნა და საზოგადოებას სამსახურის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წევრებმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც ამ სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს.
ასევე აღინიშნა, რომ კანონის მიღებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკაში სრულფასოვნად აღსრულება და ამ პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს უწევს მნიშვნელოვანი როლის შესრულება. თავის მხრივ, პარლამენტიც აქტიურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ საზედამხედველო ინსტრუმენტებს და გააგრძელებს სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობას.
ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძო სექტორის, აკადემიური-სამეცნიერო სფეროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.