აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილების გაძლიერების მხარდაჭერის შესაძლებლობებს დაეთმო.
საუბარი შეეხო საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის სხვადასხვა მექანიზმებს, მათ შორის, თემატურ მოკვლევას, რომელსაც კომიტეტი აქტიურად იყენებს თავის საქმიანობაში.
„საზედამხედველო ინსტრუმენტების გამოყენება მნიშვნელოვანი რესურსია პარლამენტისთვის და პარლამენტარებისთვის. თემატური მოკვლევის, როგორც საზედამხედველო ინსტრუმენტის გაძლიერებას ემსახურება ის პროცესი, რაც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად დაიწყო. შოტლანდიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი კენ მაკინტოში კონსულტაციებს გვიწევს თუ როგორ მოვახდინოთ თემატური მოკვლევის ინტიტუციონალიზაცია დაწყებული მოკვლევის ჩატარებით და დასრულებული მისი მონიტორინგით, რაც გააძლიერებს პარლამენტს და მის საზედამხედველო ფუნქციებს და რაც მნიშვნელოვანია პოლიტიკის სწორად განხორციელებისთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.
NDI-ის მიმდინარე პროგრამის „ანგარიშვალდებული და ინკლუზიური სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, მოწვეული ექსპერტები კენ მაკინტოში და თამარ ჩუგოშვილი დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნაზე იმუშავებენ, რომლის მიზანია საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობა ზედამხედველობის მანდატით გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის პროცესში.