
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, საბჭო, სხვა დეპუტატებთან ერთად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის დოკუმენტის შემუშავებას გეგმავს, სადაც წარმოდგენილი იქნება გრძელვადიანი გეგმები.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია პოლიტიკის ხედვის დოკუმენტია, სადაც წარმოდგენილი იქნება გრძელვადიანი გეგმები, თუ როგორ ვხედავთ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და რა როლი აქვს ამ ყველაფერში სახელმწიფოს როგორც საკანომდებლო, ასევე პროგრამულ ნაწილში. ამიტომ, ამ ჯგუფის შექმნა საკვანძოდ მნიშვნელოვანი იყო. უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო დონორის დახმარებით ჯგუფი ინტენსიურად იმუშავებს, რომ ამ წლის ბოლომდე აღნიშნული კონცეფცია დაინიცირდეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
დღევანდელ სხდომაზე გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ანგარიში მოისმინა კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.