
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ღონისძიებაზე გენდერული თანასწორობის საკითხებზე შემუშავებული სახალხო დამცველის ანგარიშები და რეკომენდაციები განიხილეს და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ რამდენიმე სპეციალურ ანგარიშს და საკითხს, მათ შორის: მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შეფასების კვლევას, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს, ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის და ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობების საქმეთა ანალიზის მიგნებებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს პარლამენტისთვის გაცემული რეკომენდაციები და მათი შესრულების მდგომარეობა.
შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ პერიოდულად მოხდება სახალხო დამცველის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მოსმენა, რაც საბოლოოდ მათი აღსრულების ეფექტურობაზე იმოქმედებს. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.