საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, 25-28 ნოემბრის სასესიო კვირაში წარდგება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრემიერ- მინისტრს კითხვებით ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.
„ყოველი თვის ბოლო სასესიო კვირას პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს. ამისთვის საჭიროა ერთი კვირით ადრე იყოს კითხვები დასმული. ვინაიდან, მიმდინარე კვირისთვის ეს ვადა გაშვებულია, მომავალ თვეში, 25-28 ნოემბრის სასესიო კვირაში გაიმართება პრემიერ-მინისტრის მოსმენა ინტერპელაციის პროცედურით. კითხვები განათლების რეფორმის კონცეფციას შეეხება, რომელიც დაანონსებულია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ხვალ, 29 ოქტომბერს კი, პარლამენტი ინტერპელაციის ახალი წესის შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მოუსმენს.