საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 აპრილი 2014
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ევროინტეგრაციის საკითხები და საქართველოს ადგილი ევროპულ სივრცეში - ასეთი იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების საქართველოს პარლამენტში გამართული დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა.
ახალგაზრდები ამჯერად პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ლევან ბერძენიშვილს შეხვდნენ და საუბრის თემაც სწორედ ამით იყო განპირობებული.
ლევან ბერძენიშვილის საუბარი შეეხო ევროატლანტიკური სივრცისკენ საქართველოს სწრაფვას, ამ მიმართულებით გავლილ გზას და პარლამენტის როლს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი არა მარტო მათი კომიტეტის, არამედ სრულიად საქართველოს ამოცანაა და, ამიტომაც, არავინ იშურებს ძალისხმევას ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისთვის.
„თქვენ ხართ საქართველოს მთავარი სიმდიდრე, მონაპოვარი, რადგანაც ჩემგან განსხვავებით, დაიბადეთ საკუთარ ქვეყანაში, თავისუფალ სახელმწიფოში და ახლა თქვენი ამოცანაა გააუმჯობესოთ აქ ცხოვრების პირობები“, - მიმართა ლევან ბერძენიშვილმა სტუდენტებს და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები აუცილებლად იპოვიან საკუთარ თავს აქ, ამ ქვეყანაში.