
2007 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. "რა მოლოდინები აქვს ამომრჩეველს თავისი ქვეყნის პარლამენტისგან?" - სწორედ ეს კითხვა დაისვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. საკუთარი მოსაზრებები ქსელის მრავალმა მომხმარებლებმა დააფიქსირა და ყველაზე აქტიურებსა და კრეატიულებს დღეს, დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტის წევრები აკაკი მინაშვილი და გიორგი გაბაშვილი შეხვდნენ.
შეხვედრა პარლამენტში გაიმართა და აღნიშნული თემის ირგვლივ ღია დისკუსია მოეწყო. აქტივობის მიხედვით შერჩეულმა კონკურსანტებმა პარლამენტის წევრებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მოისმინეს პასუხები. საუბარი შეეხო პედაგოგთა სერტიფიცირების, შრომის კანონმდებლობის, უმუშევრობის და დასაქმების პრობლემის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის წევრებმა და მოქალაქეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ურთიერთობა და მსგავსი სახის კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.
დემოკრატიის საერთაშორისო დღე საქართველოს პარლამენტში 2008 წლიდან აღინიშნება.