საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ უცხოელ ექსპერტებთან და კონსტიტუციონალისტებთან დისკუსია გამართა

მედია და საზოგადოება 11 თებერვალი 2013
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ უცხოელ ექსპერტებთან და კონსტიტუციონალისტებთან დისკუსია გამართა

 

თბილისში, იუსტიციის სახლში საკონსტიტუციო ცვლილებებს მიეძღვნა დისკუსია, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე უძღვებოდა. როგორც ცნობილია, პარლამენტში ინიცირებული კონსტიტუციური პროექტის საერთო სახალხო განხილვა დასრულებულია და ახლა მისი განხილვა პარლამენტში იგეგმება. საუბარი ასევე შეეხო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხს, რომელიც დისკუსიის მონაწილეთა აზრით რაც შეიძლება მალე უნდა შეიქმნას. აღნიშნულმა კომისიამ ქვეყნის კონსტიტუციის იმ ძირეულ ცვლილებებზე უნდა იმუშაოს, რომელმაც ქვეყანაში სტაბილურობა უნდა დაამკვიდროს.

დისკუსიაში უცხოელ ექსპერტებთან ერთად საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც კონსტიტუციურ პროცესებთან მეტად არიან დაკავშირებული.
ცნობილი კონსტიტუციონალისტები, ამერიკელი პროფესორი ლოურენს ლესიკი და გერმანელი პროფესორი ვოლფგანგ ბაბეკი, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მონაწილეობდნენ საქართველოს კონსტიტუციის შემუშავების პროცესში. ისინი ქართველ იურისტებთან სამი წლის წინაც თანამშრომლობდნენ, როდესაც განიხილებოდა კონსტიტუციური პროექტები და ამჟამადაც დათანხმდნენ მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებების შეფასებისა და მომავალი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომზადების პროცესში.
როგორც ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, ამ დისკუსიით დაიწყო შეხვედრების ციკლი იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც უკვე კარგა ხანია მუშაობენ კონსტიტუციის პრობლემებზე. უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობასთან და უმცირესობასთან, ასევე აკადემიურ წრეებთან, ექსპერტ-კონსტიტუციონალისტებთან და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან.