პარლამენტარებმა კობა დავითაშვილმა, ზვიად ძიძიგურმა და კახა კუკავამ პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ერთი წლის თავს მიუძღვნეს და ამ პერიოდში მისი მოღვაწეობა შეაფასეს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტის საქმიანობა ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, უარყოფითად შეაფასეს. მათი განცხადებით, პრეზიდენტმა წინასაარჩევნო დაპირებების დიდი ნაწილი ვერ შეასრულა. "მართალია, ქვეყანაში პენსია 28 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ იგი არ გაორმაგებულა, როგორც ამას პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ პირდებოდა ხალხს", - აღნიშნა პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება საკუთარ საქმიანობას ძირითადად ერთდღიან პიარზე აგებს, რაც სახელმწიფოსათვის სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს.
პარლამენტარ ზვიად ძიძიგურის განცხადებით კი, საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ადეკვატური ინფორმაცია არ გააჩნია.
ამ დეპუტატების აზრით, დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა ის არის, რომ მისი მოქმედება არათანმიმდევრულია და შევარდნაძის მსგავსად დაბალანსების პოლიტიკაზეა აგებული.
როგორც პრესკონფერენციაზე პარლამენტარმა კახა კუკავამ განაცხადა, მათი საპარლამენტო ჯგუფი პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას შესთავაზებს, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორაზე მერებისა და გამგებლების არჩევითობას ითვალისწინებს.