პარლამენტის წევრებმა კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც მოსახლეობისათვის ანაბრების დაბრუნების საკითხს და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლას მიეძღვნა. პარლამენტარ კობა დავითაშვილის განცხადებით, კონსერვატიული პარტია, როგორც კი 30 ათას ხელმოწერას შეაგროვებს, პარლამენტში მოსახლეობისათვის ანაბრების დაბრუნების თაობაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შევა. მისივე აზრით, ამასთან ერთად, ცვლილებებია შესატანი "პრივატიზაციის შესახებ” კანონში, რომელიც მენაბრეებს პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის უფლებას მიანიჭებს.როგორც კობა დავითაშვილმა აღნიშნა, ისინი პარლამენტში დროებითი საგამომძიებლო კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც მეანაბრეთა ფულადი სახსრების მიითვისების საკითხს გამოიძიებს. მისი თქმით, თუ პარლამენტი კონსერვატორთა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს მხარს არ დაუჭერს, ქვეყნის მასშტაბით აქციებს მოაწყობენ.პარლამენტარმა ზვიად ძიძიგურმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ე. წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დევნილთა დაბრუნებისა და იქ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარეშე, ამ ტერიტორიებისათვის რაიმე სტატუსის განსაზღვრა, არალეგიტიმურია. მით უმეტეს, როცა ამ ტერიტორიებზე შექმნილია სეპარატისტული ეთნოკრატია და სისტემატიურად ირღვევა საქართველოს მოქალაქეთა უფლებები”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.