
საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თაოსნობით, საკონსტიტუციო კომისია ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ეწვია, 2020 წლისთვის დაგეგმილი პროპორციული არჩევნების მოდელის გაცნობისა და საჯარო განხილვის გამართვის მიზნით.
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, ქვეყანას და ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას - მნიშვნელოვანია, გადავერთოთ მომავალზე.
დისკუსია ნინოწმინდის მუნციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და განათლების სამსახურის უფროსმა, ჟორა სნხჩიანმა გახსნა.
კონსტიტუციური კანონის პროექტების შესახებ საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლის გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიიღო.
არჩილ თალაკვაძემ განხილვაზე დამსწრეებს განუმარტა თუ რატომ მივიდა მმართველი გუნდი შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლის გადაწყვეტილებამდე.
„ცხოვრებამ მოგვცა გაკვეთილები, სადაც აღმოჩნდა, რომ ყველა ხელისუფლება, ვისაც აქვს მანდატების მაღალი რაოდენობა, საქმიანობას კრიზისით ამთავრებს. ასე მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში, ასე მოხდა უფრო ადრეც. ჩვენ ეს გაკვეთილები გავითვალისწინეთ და ამიტომ, ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც არცერთ პარტიას არ მიანიჭებდა მანდატების ძალიან მაღალ რაოდენობას. შანსი იმისა, რომ რომელიმე პარტიას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, პროპორციული არჩევნების მოდელით პრაქტიკულად არ რჩება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.