საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის წევრი ჯონდო ბაღათურია ბანკებისგან დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 27 ივლისი 2012
პარლამენტის წევრი ჯონდო ბაღათურია ბანკებისგან დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა

პარლამენტის წევრი და პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" ლიდერი ჯონდო ბაღათურია ბანკებისგან მოქალაქეთა პრობლემური ვალების გამოსყიდვას სახელმწიფოს სთავაზობს. აღნიშნული განცხადება მან დღეს პარლამენტში, ბანკებისაგან დაზარალებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, ბანკებისა და მოქალაქეების ურთიერთობაში უსამართლობა ხდება. საპროცენტო განაკვეთებზე არ არის დაწესებული ზედა ზღვარი, რის გამოც მსესხებლებს საკმაოდ მაღალი პროცენტების დაფარვა უწევთ.

"მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგი ვარ აუცილებელია ისეთი რეგულაციის შექმნა, რომელიც ბანკებისთვის საპროცენტო განაკვეთების ზედა ზღვარს დააწესებს. ამასთან, საჭიროა საბანკო სექტორის სისტემური რეფორმის განხორცილება, რომელიც დაბალი საპროცენტო განაკვეთის და იაფი პროდუქტის შემოღებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ჯონდო ბაღათურიამ. მისივე თქმით, "ქართული დასი" სახელმწიფოს ბანკებისაგან პრობლემური ვალების გამოსყიდვას და ამ თანხის სოფლის მეურნეობაში ჩადებას სთავაზობს. მას მიაჩნია, რომ საბანკო სისტემის გავლით ეკონომიკაში თანხის დაბანდება ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტ, მაღალანაზღაურებად, სამუშაო ადგილს შექმნის.
დეპუტატის ინფორმაციით, მისმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ სათანადო კონსულტაციები ბანკების ხელმძღვანელებთან უკვე გამართა.