
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
„2025 წელს ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით, 2256 საქმის შესწავლა დავიწყეთ. მათგან 85 საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებები და მათ აღსადგენად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას შესაბამისი რეკომენდაციებით მივმართეთ. საგულისხმოა, რომ 20 შემთხვევაში ჩვენი დახმარებით სრულიად აღდგა დარღვეული უფლებები.
სახალხო დამცველის აპარატში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია და განაცხადონ დარღვეული უფლების თაობაზე. საანგარიშო პერიოდში ცხელ ხაზზე 14756 ზარი შემოვიდა. საგულისხმოა, რომ 2024 წელთან შედარებით 33%-ით არის გაზრდილი საინფორმაციო-საკონსულტაციო მომართვები.
2025 წელს 23 სპეციალური ანგარიში და საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად 4 ალტერნატიული ანგარიში, ასევე 3 კონსტიტუციური სარჩელი და 18 სასამართლო მეგობრის მოსაზრება მომზადდა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ომბუდსმენმა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2025 წელსაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა.
„სამწუხაროდ, საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის. კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ ბორდერიზაციის პროცესი. საანგარიშო წელს, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 60 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები გაავლეს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძემ 50 კმ-ს გადააჭარბა. გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ.საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით პირთა უკანონო დაკავება და დაპატიმრებები. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 32 პირი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 40 პირი დააკავეს.
2025 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 15 მოქალაქე, მათგან 11 ოკუპირებულ ცხინვალში, 4 - ოკუპირებულ აფხაზეთში. აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება ძირითადად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობების შემთხვევები.
უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულიად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა, რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა. გალის სკოლებში 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, 3169 მოსწავლე ირიცხებოდა განსხვავებით წინა წელთან, როდესაც მოსწავლეების რაოდენობა 3348 იყო. რაც შეეხება ახალგორს, ახალგორის სკოლებში, 2025 წლის მონაცემებით, ჯამურად 38 მოსწავლე ირიცხება, განსხვავებით 2024 წლისგან, როდესაც სკოლაში 50 მოსწავლე ირიცხებოდა“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის კვალიფიკაცია და პაციენტთა გართულებული გადაადგილება ე.წ. გამშვებ პუნქტზე კვლავ გამოწვევად რჩება. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ამ გარემოებების გათვალისწინებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა სამედიცინო დახმარების მიღებას ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ცდილობს.
სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა ისეთ თემებზე როგორიცაა: სიცოცხლის უფლება; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; სამართლიანი სასამართლოს უფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება; გამოხატვის თავისუფლება; შეკრების თავისუფლება; საარჩევნო უფლება; თანასწორობის უფლება; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები; ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია; ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა და სხვა.
პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.