
კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.
აღნიშნული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრებისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შემუშავდა.
„12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი საკითხი სწორედ დეოლიგარქიზაციის მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყვნენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე, ოპოზიციიდან პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და საკითხების განხილვა გამჭვირვალედ, ფართო ჩართულობით მოხდა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა და კოლეგებს კანონპროექტის ძირითადი პრინციპების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტი ფაქტობრივად შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს, ხოლო უკრაინის კანონთან მიმართებით, ევროკომისიამ გასცა უკრაინის მიერ ამ კანონის იმპლემენტაციის რეკომენდაცია.
„აბსოლუტურად ობიექტურ პარამეტრებზე დაფუძნებული პროექტი, როგორც ეს აქვს უკრაინას მიღებული, გადმოვიტანეთ ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. თუკი, ევროპული სტრუქტურები, საითაც ჩვენ მივისწრაფით, პრინციპებს და კანონის მიღებას დეოლიგარქიზაციაზე სწორად აფასებენ, მაშინ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს იგივე შეფასებას დაიმსახურებს”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები: „ოლიგარქის“ ცნების განმარტება; პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
პროექტის მიხედვით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი და მას სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ.
ანრი ოხანაშვილმა უპასუხა კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატთა კითხვებს, შემდეგ, ცალკეულმა დეპუტატებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ფრაქციებმა პოზიციები დააფიქსირეს.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანონპროექტი გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ამ კანონპროექტის ამ სახით მიღება საერთოდ არ შეიძლება.
სალომე სამადაშვილის თქმით, ევროკავშირი მიიღებს არაერთ დოკუმენტს საქართველოს მიერ მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით და შეფასება იქნება ძალიან მძიმე.
„რაც შეეხება იმას, ვინ მიაჩნიათ ევროკავშირში ოლიგარქად და ვის გავლენაზე საუბრობენ, რადგან თქვენ ეს აქამდე ვერ გაიგეთ, შეფასებები იქნება ძალიან მძიმე. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ არ გვინდა კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, არამედ იმიტომ, რომ ვერ გაძვრება თქვენი რეჟიმი იმ მოთხოვნებში, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული იმისთვის, რომ მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ჩვენს თანამოქალაქეებს მსურს ვუთხრა, რომ იმის გამო, რა ტონალობის კამათი ისმის პარლამენტში, თუ პარლამენტს გარეთ, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ის ოპტიმიზმი, რაც საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირდება და საქართველოს რომ აქვს ევროპული მომავალი, ეს არის სწორედ თქვენი გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში და ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა და ევროპულმა საბჭომ გააფორმა ოფიციალურად, როდესაც საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა. ქვეყნა მიდის წინ, ქვეყანა ვითარდება ევროპული გზით და ჩვენ უნდა განვაგრძოთ და ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი საქმე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.
ანრი ოხანაშვილის შეფასებით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ფაქტობრივად სთავაზობს, არა სისტემურად გამართულ კანონპროექტს, არამედ, ცალკეულ პირებზე ორიენტირებულ მიდგომას.
„ფაქტი ერთია, რომ რადიკალური ჯგუფები არ და ვერ პატიობენ ბიძინა ივანიშვილს იმ განაჩენს, რაც ქართველ ხალხთან ერთად გამოუტანა მათ 2012 წელს. მან ჩვენს ხალხთან ერთად დაამარცხა ავტორიტარული რეჟიმი და ის, რომ ავტორიტარული რეჟიმი იყო, აღიარებითი ჩვენებები ბოლო დროს ღია სივრცეშიც გვესმის ამ რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან. არ პატიობენ ქვეყნის პატრიოტობას, ყველაფერ იმას, რასაც აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი კულტურული ფასეულობები, განათლება, ისტორიული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და განვითარდეს,“ - განაცხადა დასკვნით სიტყვაში ანრი ოხანაშვილმა.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე კენჭისყრა ხვალ გაიმართება.