საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა ევროკავშირის მიერ გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა დაიწყო

მედია და საზოგადოება 13 ივლისი 2022
პარლამენტმა ევროკავშირის მიერ გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა დაიწყო

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს უკავშირდება, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.


საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით რამდენიმე ძირითადი საკვანძო საკითხი გამოიყო.

 

„ეს საკითხებია გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ინიცირება და კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც შესაბამისობაში იქნება სტამბოლის კონვენციასთან. შეხვედრაზე, ასევე, განისაზღვრა სამოქმედო გეგმა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.


კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი პრიორიტეტი და აქცენტები გამოიკვეთა და ამ საკითხებთან დაკავშირებით საერთო აზრი შეთანხმებულია.


​ „მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ინკლუზიურობის ხარისხი იყოს მაღალი. პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოვისმინოთ რა შეიძლება იყოს მთავარი მოლოდინები და მთავარი განწყობები საზოგადოებაში ამ საკითხების ირგვლივ. შესაბამისად, ასეთი ტიპის შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან მათი პოზიციების დასაფიქსირებლად“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.