
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო.
საკითხზე მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, ცვლილების შედეგად სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ გრანტის მიღების და მისი გაცემის უფლებამოსილება მიეცემა.
მისივე თქმით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი 2025 წელს აკრედიტებული იქნა კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდის მიერ, რომლის საერთო შემოწირულებები 22 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მწვანე კლიმატის ფონდი არის გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფინანსური მექანიზმი და აფინანსებს ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროექტებს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პარტნიორ ორგანიზაციად განიხილება საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.