
პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით მიიღო.
კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილებების განხორციელებით გასწორდება მოქმედ კანონში არსებული ტექნიკური თუ შინაარსობრივი უზუსტობები, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს მედია მომსახურებებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობა.
კანონპროექტით ევროპული სტანდარტების შესაბამისად ზუსტდება შემდეგი ლეგალური დეფინიციები „მედიამომსახურება“, „ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება“ და „სარედაქციო პასუხისმგებლობა“.
ცვლილებების მიხედვით, სფეროს მარეგულირებელი ორგანოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომის დახურვის საკითხებიც მოწესრიგდება და კომუნიკაციების კომისიის წლიურ ანგარიშში აისახება ინფორმაცია წინა წლის გეგმების შესრულების და მომავალი წლის გეგმების თაობაზე.
კანონპროექტით ასევე ზუსტდება მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის საკითხი.
შემოღებული იქნება გამარტივებული ავტორიზაციის წესი ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისთვის.